7- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა
თავი მეშვიდე
– უიღბლო დებიუტი –
ერთ მშვენიერ საღამოს პატრონი ეახლათ და ხელების ფშვნეტით თქვა:
− აბა-ა...
კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ უთქმელად გატრიალდა.
ძალუა, რომელმაც გაკვეთილების დროს ჩინებულად შეისწავლა პატრონის სახის გამომეტყველება და ლაპარაკის კილო, მიხვდა, რომ იგი აღელვებული, შეწუხებული და მგონი გულმოსულიც იყო.
მცირე ხნის შემდეგ პატრონი შემობრუნდა:
− დღეს თან წავიყვან ძალუას და ფიოდორ ტიმოფეიჩს.
ძალუა, ეგვიპტურ პირამიდაში დღეს შენ შეცვლი განსვენებულ ივან ივანიჩს.
ეშმაკმა დალახვროს!
არაფერი გვაქვს მომზადებული, შესწავლილი, რეპეტიციებიც ცოტა გვქონდა, თავი მოგვეჭრება, ჩავფლავდებით.
შემდეგ ისევ გავიდა და სულ მალე ქურქსა და ცილინდრში გამოწყობილი დაბრუნდა.
კატასთან მივიდა, წინა თათებში ხელი ჩაავლო, აიყვანა და ქურქქვეშ შეისვა.
ფიოდორ ტიმოფეიჩი ყველაფრისადმი ძალზე გულგრილი ჩანდა.
თვალის გახელაც კი არ უცდია.
მისთის თითქოს სულ ერთი იყო: იწვებოდა, თუ უკანა თათებით ზე ასწევდნენ, ლეიბზე ინებივრებდა თუ ქურქქვეშ, პატრონის უბეს შეეყუჟებოდა...
− ძალუა, წავიდეთ!
- უთხრა პატრონმა.
ძალუას ვერ გაეგო, რა ხდებოდა, და პატრონს კუდის ქიცინით მიჰყვა.
მალე კაშტანკა მარხილში პატრონის ფერხთით იჯდა და ყურს უგდებდა სიცივისა და მღელვარებისაგან მობუზული კაცის ბუტბუტს:
− თავი მოგვეჭრება!
ჩავფლავდებით!
მარხილი ერთ ისეთ ვეებერთელა, უცნაურ სახლთან გაჩერდა, გადმოპირქვავებულ საწვნეს რომ წააგავდა.
სახლის გრძელი, სამკარიანი სადარბაზო ერთი დუჟინი ფარნებით გაეკაშკაშებინათ.
კარი ხმაურით იღებოდა და სადარბაზოს წინ მორიალე ხალხს ნთქავდა.
ხალხი ბლომად იყო, სადარბაზოსთან ხშირად ცხენებიც მოირბენდნენ ხოლმე, ძაღლები კი არსად ჩანდნენ.
პატრონმა ძალუა აიყვანა და ქურქქვეშ უბეში ჩაისვა, ფიოდორ ტიმოფეიჩი უკვე იქ იყო.
ქურქქვეშ ბნელოდა და სუნთქვა ჭირდა.
სამაგიეროდ თბილოდა, უცებ ორმა მქრქალმა ნაპერწკალმა გაკვესა - მეზობლის ცივი და ხეშეში თათების მიკარებამ თუ შეაწუხა კატა, - თვალი გაახილა.
ძალუამ კატას ყური აულოკა, შეეცადა, რაც შეიძლებოდა, უკეთ მოკალათებულიყო და მოუსვენრად აწრიალდა.
კატა ცივი თათებით მიჭეჭკა და ქურქიდან უნებლიეთ თავი გამოყო, მაგრამ დაიღრინა და უკანვე შეძვრა, მოეჩვენა, უზარმაზარი, მკრთალად განათებული ოთახი ურჩხულებით გატენილიყო, ტიხრებიდან და ორივე მხარეს გაყოლებული ხარიხებიდან საშინელი სახეები დაინახა: ცხენების, რქოსანთა, დიდყურათა და ერთიც ვეება სახე, ცხვირის ადგილას კუდი რომ ება და პირიდან ორი გრძელი შემოხრული ძვალი გამოსჩროდა.
ძალუას თათქვეშ მოკუნტულმა კატამ ხრინწიანად დაიკნავლა, სწორედ ამ დროს პატრონმა ქურქი შეიხსნა.
ჰოპ" დაიძახა და ფიოდორ ტიმოფეიჩი და ძალუა იატაკზე ჩამოხტნენ.
ისინი პატარა, ფიცრულ ოთახში აღმოჩნდნენ.
აქ პატარა სარკიანი მაგიდის, ტაბურეტისა და კუთხეებში გაკიდული ჩვრების გარდა სხვა არავითარი ავეჯი ამ მოიძევებოდა: კედლის გასწვრივ ფარანის თუ სანთლის მაგიერ ჩასობილი მილაკი კაშკაშა მარაოსებრ შუქს აფრქვევდა.
ფიოდორ ტიმოფეიჩმა ბეწვი გაილოკა, ძალუამ რომ მოუთელა, მერე ტაბურეტქვეშ შეძვრა და გაწვა.
პატრონი ჯერ ისევ ღელავდა და ხელებს იფშვნეტდა, თან ტანსაცმელს იხდიდა...
გაიხადა, როგორც საერთოდ იხდიდა ხოლმე ძილის წინ, სანამ ფლანელის საბანქვეშ შეგორდებოდა.
ერთი სიტყვით, საცვლების ამარა დარჩა.
შემდეგ ტაბურეტზე ჩამოჯდა, სარკეში იყურებოდა და სასწაულმოქმედებდა.
უწინარეს ყოვლისა, თავზე პარიკი ჩამოიცვა, შუაზე გადაყოფილი და წყვილ რქასავით აღერებული.
მერე სახეზე სქლად წაისვა თეთრი საღებავი და ზედ კიდევ წარბები, ულვაშები და ღაჟღაჟა ლოყები დაიხატა.
მისი გნაზრახი ამით არ დამთავრებულა.
პირისახე და კისერი რომ გაითხუპნა, მერე რაღაცნაირ უჩვეულო კოსტიუმში გამოეწყო, რომლის მსგავსი ძალუას არასოდეს ენახა, არც სახლებსა და არც ქუჩაში.
წარმოიდგინეთ, დიდრონი ყვავილებით მოხატული, ჩითის ფარფაშა შარვალი, ზუსტად იმ ჩითისა, მეშჩანები საფარდედ და ავეჯის გადასაკრავად რომ იყენებდნენ.
შარვალი თითქმის იღლიებთან იკვრებოდა: ცალი ტოტი ყავისფერი ჩითისა იყო, მეორე - ღია ყვითელი ფერისა.
ამ ტანსაცმელში ჩაფლულმა პატრონმა კიდევ სხვადასხვა ფერის ყელიანი წინდები, მწვანე ფეხსაცმელი და ჩითის ქურთუკი ჩაიცვა: ქურთუკს დიდი, დაკბილული საყელო ჰონდა და ზურგზე ოქროს ვარსკვლავი ეხატა...
ძალუას თვალი აუჭრელდა, ამ თეთრპირისახიან, ჩანჩურა კაცს პატრონის სუნი უდიოდა, ხმაც ნაცნობი ჰქონდა, მაგრამ ზოგჯერ ძალუას ეჭვი აწვალებდა და მაშინ მზად იყო, ამ ზიზილ-პიპილა არსებას გაქცეოდა და ყეფა აეტეხა.
ახალი გარემო, მარაოსებრი შუქი, პატრონის სახეცვალება - ყოველივე ეს გაურკვეველ შიშსა და ისეთ წინათგრძნობას უღვიძებდა, რომ უსათუოდ რაღაც საშინელებას გადაეყრებოდა, სწორედ ისეთს, მსუქან სახეზე ცხვირის ადგილას კუდი რომ ება.
ამას ისიც ემატებოდა, რომ სადღაც შორს, კედლის მიღმა საძულველი მუსიკა უკრავდა და დროდადრო გაუგებარი ღრიანცელი მოისმოდა.
მხოლოდ ფიოდორ ტიმოფეიჩის უშფოთველობა აწყნარებდა ძალუას.
იგი მშვიდად თვლემდა ტაბურეტქვეშ და თვალებს მაშინაც კი არ ახელდა, როცა ტაბურეტი გადაადგილებისას გაბრახუნდებოდა ხოლმე.
ოთახში ფრაკსა და თეთრ ჟილეტში გამოწყობილმა კაცმა შემოიხედა და თქვა:
− ახლა მის არაბელი გამოდის.
შემდეგ კი თქვენი რიგია.
პატრონმა არაფერი უპასუხა.
მაგიდის ქვემოდან ვეება ჩემოდანი გამოათრია, ჩამოჯდა და დაელოდა.
ტუჩებსა და ხელებზე ეტყობოდა, ღელავდა, ძალუას ესმოდა მისი არათანაბარი სუნთქვა.
− მისტერ ჟორჟ, გთხოვთ!
- დაიყვირა ვიღაცამ კარს მიღმა.
პატრონი წამოდგა და სამგზის გადაიწერა პირჯვარი, მერე ტაბურეტის
ქვემოდან კატა გამოიყვანა და ჩემოდანში ჩასვა.
− ძალუა, მოდი!
- უთხრა პატრონმა ხმადაბლა.
ძალუას ვერაფერი გაეგო, რა ხდებოდა, პატრონმა ძალუას თავზე აკოცა და ფიოდორ ტიმოფეიჩს გვერდით მიუსვა, მერე ჩამობნელდა...
ძალუა კატას ეხეთქებოდა, ჩემოდნის კედლებს ფხოჭნიდა და შიშისაგან კრინტი ვერ დაეძრა.
ჩემოდანი კი, როგორც ტალღებზე, ისე ქანაობდა და ძაგძაგებდა...
− აი, მეც აქა ვარ!
- დაიყვირა პატრონმა.
- აი, მეც აქა ვარ!
ძალუამ იგრძნო, ამ ყვირილის მერე ჩემოდანი რაღაც მაგარს რომ მოხვდა და გაჩერდა.
აღარ ქანაობდა, მოისმა ღრიალი: ვიღაცას ტაშს უკრავდნენ.
და ის ვიღაცა, უთუოდ ის ურჩხული იყო, ცხვირის ადგილას კუდი რომ ება.
ისე ხმამაღლა ღრიალებდა და ხარხარებდა, რომ ჩემოდნის საკეტები აძიგძიგდა.
პასუხად პატრონის ხითხითი გაისმა.
ასე შინ არასოდეს იცინოდა.
− ჰა!
- დაიყვირა პატრონმა და ამით შეეცადა ღრიალი დაეფარა.
- პატივცემულო საზოგადოება!
მე ახლა პირდაპირ ვაგზლიდან მოვდივარ!
ბებია მომიკვდა და მემკვიდრეობა დამიტოვა!
ჩემოდანში რაღაც ძალზე მძიმე დევს, ეტყობა, ოქროა...
ჰა-ა!
ერთიც ვნახოთ და მილიონი აღმოჩნდეს!
აბა, გავხსნათ და ვნახოთ...
კლიტემ გაიჩხაკუნა.
კაშკაშა შუქმა თვალი მოსჭრა ძალუას: ჩემოდნიდან ამოხტა და ღრიალით გაყრუებული, მთელი სისწრაფით პატრონის გარშემო დარბოდა და მხიარულად ყეფდა.
− ჰა!
- დაიყვირა პატრონმა: - ძია ფიოდორ ტიმოფეიჩ!
ძვირფასო ძალუა!
სანატრელო ნათესავებო, ეშმაკსაც წაუღიხართ!
პატრონი სილაზე გაგორდა, კატას და ძალუას ხელი სტაცა და ხვევნაკოცნა დაუწყო.
ძალუამ, სანამ პატრონს მკლავებში ჰყავდა ჩაბღუჯული, წამით გადაავლო თვალი იმ სამყაროს, ბედმა რომ არგუნა წილად და განაცვიფრა მისმა სიდიადემ.
მერე პატრონს მკლავებიდან დაუსხლტა და შთაბეჭდილებებით გაბრუებული, ერთ ადგილზე ბზრიალასავით დატრიალდა.
ახალი სამყარო იყო უზარმაზარი და გაკაშკაშებული.
საითაც არ უნდა
გაგეხედა, ყველგან, იატაკიდან ჭერამდე, მარტოოდენ სახეები მოჩანდა.
სახეები, სახეები და სხვა არაფერი.
− ძალუა, გთხოვთ, დაბრძანდეთ!
- დაიყვირა პატრონმა.
ძალუას ახსოვდა, რას ნიშნავდა ეს და სკამზე შეხტა.
პატრონს თვალი აადევნა.
როგორც ყოველთვის, მას ახლაც სერიოზული და ალერსიანი თვალები ჰქონდა, მაგრამ პირისახე ცივ ღიმილს დაეღრიჯა, იგი ხარხარებდა, ხტოდა, იგრიხებოდა, ისე იქცოდა, თითქოსდა ათასობით ხალხის ხილვა ძალიანაც ახარებდა.
ძალუამ დაუჯერა პატრონს, ირწმუნა მისი მხიარულება.
უცებ მთელი ტანით იგრძნო, რომ ეს ათასობით სახე სწორედ მას შემოსცქეროდა, მელასებრ დრუნჩი ააღირა და ყეფა გააბა.
− ძალუა, თქვენ ჯერ მოითმინეთ, - უთხრა პატრონმა, - მე და ბიძაჩემი კი კამარინსკულს ვიცეკვებთ.
იმის მოლოდინში, როდის აიძულებდნენ ყოველგვარი სისულელეების შესრულებას, ფიოდორ ტიმოფეიჩი იდგა და გულგრილად აქეთ-იქით იყურებოდა.
ცეკვით კი დაუდევრად იცეკვა.
თითოეულ მოძრაობაზე, კუდსა და ულვაშებზე ეტყობოდა, უზომოდ სძაგდა ეს ბრბოც, კაშკაშა შუქიც, პატრონიცა და, ასე გასინჯეთ, საკუთარი თავიც...
რაკი თავისი წილი იცეკვა, დაამთქნარა და დაჯდა.
− აბა, ძალუა, - უთხრა პატრონმა, - ჯერ ვიმღეროთ, შემდეგ კი ვიცეკვოთ, კარგი?
პატრონმა ჯიბიდან სალამური ამოიღო და დაუკრა.
ძალუა, რომელიც მუსიკას ვერ იტანდა, სკამზე მოუსვენრად აწრიალდა და აყმუვლდა.
ყოველი მხრიდან ღრიალი და მქუხარე ტაში მოისმა.
პატრონმა საზოგადოებას თავი დაუკრა და როცა ისევ სიჩუმე ჩამოდგა, დაკვრა განაგრძო...
ერთი ყველაზე მაღალი ნოტის შესრულებისას, მაყურებელთა შორის ვიღაცამ ხმამაღლა შეჰყვირა:
− მამილო!
ეს ხომ კაშტანკაა!
− სწორედ რომ კაშტანკაა!
- დაუდასტურა ნაბახუსევმა, ჟღრიალა ხმამ.
- კაშტანკაა!
ფედიუშკა, ღმერთო დიდებულო, კაშტანკაა!
ფუი!
ქანდარაზე ვიღაცამ დაუსტვინა და ერთდროულად გაისმა ბავშვისა და მამაკაცის ძახილი:
− კაშტანკა!
კაშტანკა!
ძალუა შეკრთა და იქით მიიხედა, საიდანაც ძახილი მოისმა.
თვალში ეცა ორი სახე: ერთი ნაღვინევ, გაუპარსავი და უშნოდ გაღრეჭილი, მეორე - ფუნჩულა, ლოყაწითელი და დაფეთებული.
თვალი მოსჭრა ამ სახეებმა, როგორც ადრე კაშკაშა სინათლემ...
კაშტანკას ყველაფერი გაახსენდა, სკამიდან გადმოვარდა და სილაზე აფართხალდა, მერე წამოხტა და მხიარული წკმუტუნით მათკენ მოკურცხლა.
გაისმა გამაყრუებელი ღრიალი, სტვენა და ბავშვის ყვირილი:
− კაშტანკა!
კაშტანკა!
ძალუა მოაჯირს გადაახტა, მერე ვიღაცის მხარს გადაევლო და ლოჟაში ჩახტა; იარუსამდე რომ მიეღწია, მაღალ კედელზე უნდა გადამხტარიყო; ისკუპა, მაგრამ ვერ უწია და კედელზე დაცურდა.
შემდეგ კი ხელიდან ხელში გადადიოდა, ვიღაცას ხელები, ვიღაცას პირისახე აულოკა, სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა და ბოლოს ქანდარაზე ამოჰყო თავი...
ნახევარი საათის შემდეგ კაშტანკა უკვე იმ ადამიანებს მიჰყვებოდა, წებოსა და ლაქის სუნი რომ ასდიოდათ.
ლუკა ალექსანდრიჩი ბარბაცებდა და უნებურად თხრილებს ერიდებოდა, გამოცდილებამ ასე ასწავლა.
− ეჰ, ცოდვის შვილები ვართ, - ბუტბუტებდა დურგალი.
- შენ კი, კაშტანკა - საოცარი ვინმე ხარ, თუმცა ადამიანისაგან ისევე განსხვავდები, როგორც დურგალი ხუროსაგან.
ფედიუშკას მამის ჩიხაქუდი დაეკოსებინა თავზე.
კაშტანკა შეჰყურებდა გვერდი-გვერდ მიმავალ მამა-შვილს და ეჩვენებოდა, თითქოს დიდი ხანი იყო, რაც ასე მისდევდა მათ კუდში და უხაროდა, რომ წუთითაც არ შეცვლილა მისი ცხოვრება.
კაშტანკამ გაიხსენა ჭუჭყიანკედლებიანი ოთახი, გაიხსენა ბატი, ფიოდორ ტიმოფეიჩი, გემრიელი სადილები, მეცადინეობა, ცირკი, მაგრამ ყოველივე ეს ახლა ეჩვენებოდა, როგორც ერთი ავი და უჟმური სიზმარი...