5- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა
თავი მეხუთე
– ტალანტია!
ტალანტი!–
გავიდა ერთი თვე.
კაშტანკა უკვე მიეჩვია იმას, რომ ყოველ საღამოს გემრიელი სადილით უმასპინძლდებოდნენ და ძალუას ეძახდნენ, მიეჩვია უცნობსაც და თავის ახალ სახლეულსაც.
ცხოვრება აეწყო.
ყოველი დღე ერთნაირად იწყებოდა.
ჩვეულებრივ, ყველაზე ადრე ივან ივანიჩი გაიღვიძებდა და მაშინვე ძალუასთან მივიდოდა ან კატასთან, კისერს წაიგრძელებდა და რაღაცაზე ცხარედ და დამაჯერებლად მოჰყვებოდა ლაპარაკს, მაგრამ კვლავ გაუგებარი იყო მისი ნათქვამი.
ზოგჯერ თავს ააღერებდა და გრძელ მონოლოგებს წარმოთქვამდა.
ნაცნობობის პირველ დღეებში კაშტანკა ფიქრობდა, ალბათ იმიტომ ლაპარაკობს, რომ ძალზე ჭკვიანიაო.
მაგრამ გამოხდა ხანი და კაშტანკამ მისადმი რიდი და პატივისცემა დაკარგა: როცა ივან ივანიჩი თავისი გრძელი მოხსენებების წასაკითხად მიუახლოვდებოდა, კაშტანკა კუდს კი აღარ აქიცინებდა, პირიქით, აბუჩად იგდებდა ამ თავმომაბეზრებელ მოლაყბეს, ძილს რომ არავის აცდიდა და მოურიდებლად შეუღრენდა ხოლმე.
ფიოდორ ტიმოფეიჩი კი სულ სხვა ყაიდის ბატონი ბრძანდებოდა.
გაიღვიძებდა თუ არა, გაისუსებოდა.
იჯდა უძრავად, თვალებსაც კი არ გაახელდა.
მისი ნება რომ ყოფილიყო, სულ არ გამოიღვიძებდა, რადგან ცხოვრებაზე გულაყრილი ჩანდა.
არაფერი აინტერესებდა.
ყველაფერს ზანტად და უგულოდ ეკიდებოდა, ყველაფერი სძაგდა.
თავისი წილი გემრიელი სადილის მერეც კი გულამრეზილი ფრუტუნებდა.
გაიღვიძებდა თუ არა, კაშტანკა ოთახებში სიარულსა და კუთხე-კუნჭულების ყნოსვას მოჰყვებოდა.
მარტო კაშტანკასა და კატას ჰქონდათ ასე თავისუფლად სიარულის უფლება; ბატს სადგომის ზღურბლზე გადმობიჯება ეკრძალებოდა.
ხავრონია ივანოვნა სადღაც ეზოში, ფარდულში ცხოვრობდა და მხოლოდ მეცადინეობის დროს გამოჩნდებოდა ხოლმე.
პატრონი გვიან დგებოდა, ჩაის დალევდა და მაშინვე თავის ოინებს იწყებდა.
ოთახში შემოჰქონდათ შოლტი, რგოლები და ყოველ ცისმირე დღე თითქმის ერთი და იგივე მეორდებოდა, მეცადინეობა სამი-ოთხი საათი გრძელდებოდა, ასე რომ, ზოგჯერ დაღლილობისაგან ფიოდორ ტიმოფეიჩი მთვრალივით ბანცალებდა, ივან ივანიჩი ნისკარტს დააღებდა და ღრმად სუნთქავდა, წამოჭარხლებულ პატრონს კი ვერა და ვერ მოეწმინდა გახვითქული შუბლიდან ოფლი.
მეცადინეობა და სადილი დღეებს უხალისებდათ, საღამოები კი ერთობ მოსაწყენი იყო.
ჩვეულებრივ, საღამოობით პატრონი სადღაც მიდიოდა, თან ბატი და კატა მიჰყავდა.
მარტო დარჩენილი კაშტანკა ლეიბზე იწვა და გული ელეოდა...
სევდა როგორღაც შეუმჩნევლად წამოეპარებოდა და თანდათან ისე იპყრობდა, ვით ბინდი ოთახს.
ძაღლს ჯერ ყეფის, ჭამის, ოთახებში სირბილისა და უბრალოდ, ცქერის სურვილიც კი ეკარგებოდა, მერე მის წარმოსახვას ორი ბუნდოვანი არსება ეწვეოდა.
თუმცა ვერ გაერჩია, ძაღლები იყვნენ თუ ადამიანები, სანდომიანი, ძვირფასი სახეები წარმოუდგებოდა, მაგრამ ვეღარ შეეცნო; იმათ გამოჩენას ძალუა კუდის ქიცინით ხვდებოდა, ეჩვენებოდა, რომ ისინი ოდესღაც, სადღაც უნახავს და ჰყვარებია...
ჩაძინების ჟამს კი მუდამ გრძნობდა, რომ იმათ ლაქის, ბურბუშელისა და წებოს სუნი ასდიოდათ.
როცა კაშტანკა თითქმის შეეგუა ახალ ცხოვრებას და გაძვალტყავებული ქოფაკი მაძღარ, მოვლილ-ნაპატივებ ძაღლად იქცა, ერთხელაც, მეცადინეობის დაწყების წინ, პატრონი მიეფერა და უთხრა:
− ძალუა, დროა საქმეს ვეწიოთ, გეყოფა უქმად ყოფნა.
მსახიობი უნდა გამოგიყვანო...
გინდა?
და ოინების სწავლება დაუწყო.
პირველ გაკვეთილზე კაშტანკა უკანა თათებზე დგომასა და სიარულს სწავლობდა, რაც ძალიან მოსწონდა, მეორე გაკვეთილზე უკანა თათებზე მდგარი უნდა ამხტარიყო და შაქარს მისწვდომოდა, მის თავს ზემოთ რომ ეჭირა მასწავლებელს.
შემდეგ გაკვეთილებზე უკვე ცეკვავდა, ყმუილს აყოლებდა მუსიკას, ზარს რეკავდა და პისტოლეტს ისროდა.
ერთი თვის მერე კი შეეძლო "ეგვიპტურ პირამიდაში" წარმატებით შეეცვალა ფიოდორ ტიმოფეიჩი.
ხალისით სწავლობდა და თავისი წარმატებებით კმაყოფილი იყო; ენაგადმოგდებული სირბილი კორდით, რგოლში გაძრომ-გამოძრომა და ბებერი ფიოდორ ტიმოფეიჩის გაჭენება უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა ძალუას.
ყოველ მარჯვედ შესრულებულ ოინს ხმამაღალი, აღფრთოვანებული ყეფით ხვდებოდა.
მასწავლებელსაც უკვირდა და აღტაცებული ხელებს იფშვნეტდა:
− ტალანტია!
ტალანტი!
- გაიძახოდა პატრონი, - უეჭველი ტალანტია!
დიდი წარმატება გელის, წყალი არ გაუვა!
ძალუაც ისე მიეჩვია "ტალანტს", რომ ყოველთვის, როცა პატრონი ამ სიტყვას წარმოთქვამდა, ზეზე წამოვარდებოდა და აქეთ-იქით იცქირებოდა, თითქოს "ტალანტი" რქმეოდეს.